თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოში ხელფასი 2022 წლის აპრილში 898 ათასმა ადამიანმა მიიღო, აქედან ნახევარზე მეტის ჯამაგირმა 1,2 ათას ლარს გადააჭარბა (დაბეგვრის გათვალისწინებით), ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მონაცემებში.
სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ხელფასი 27,5 ათასით მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
სულ საანგარიშო პერიოდში ხელფასებზე 1,7 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 9%-ით მეტია.
რეალური ხელფასები
453 ათასი ადამიანიდან, რომელთა ხელფასი არ აღემატება თვეში 1,2 ათას ლარს, მხოლოდ 75,2 ათასი ადამიანის ხელფასი მერყეობს 1,0 ათასიდან 1,2 ათას ლარამდე, კიდევ 82,3 ათასის ხელფასი 800-დან 1,1 ათას ლარამდეა.
600-დან 800 ლარამდე ხელფასს იღებს 92,2 ათასი ადამიანი. დანარჩენი 203,3 ათასის ხელფასი არ აჭარბებს 700 ლარს (დაბეგვრის გათვალისწინებით). ამასთან, აპრილში 15,6 ათას ადამიანს ეს თანხა ოფიციალურად 100 ლარზე ნაკლები ჰქონდა.
ვინ ცხოვრობს კარგად
დანარჩენი 445 ათასი ადამიანის ხელფასი (აპრილში) 1,2 ათასი ლარიდან იწყება, ამასთან, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, ვისაც თვეში ასეთი შემოსავალი აქვს (282,5 ათასი), ხელფასი, დაბეგვრის გათვალისწინებით, არ აჭარბებს 2,4 ათას ლარს.
კიდევ 80,2 ათასმა ადამიანმა აპრილში ხელფასი მიიღო 2,4 ათასიდან 3,6 ათასამდე ლარი, ხოლო 16 ათასმა – 3,6 ათასიდან 6 ათასამდე ლარი.
აპრილში 6 ათასზე მეტი ლარის ოდენობის ხელფასი მიიღო 34,4 ათასმა ადამიანმა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. ამასთან 19,9 ათასის ხელფასმა 12 ათას ლარს გადააჭარბა.
რას ამბობს სტატისტიკა
უმუშევრობის დონემ 2022 წლის პირველ კვარტალში 19,4% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,5 პროცენტული პუნქტით დაბალია. იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ხელფასს იღებდა საქართველოში დასაქმებულთა 68,1%.
რაც შეეხება საშუალო ნომინალურ ხელფასს, ბოლო მონაცემებით, ის 1,4 ათას ლარს შეადგენს.
როგორ დგინდება ხელფასი?
საქართველოში არ არსებობს ცნება „მინიმალური ხელფასი“. ის დამსაქმებელსა და დაქირავებულს შორის კონტრაქტით დგინდება. გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო სექტორი, სადაც ხელფასი დამოკიდებულია ჩინოვნიკის განაკვეთსა და რანგზე.
ხელფასის ამღები ყველა პირი იხდის ბეგარას 20%-ის ოდენობით. გარდა ამისა, 40 წელს ქვემოთ ყველა პირი და ამ ასაკზე უფროსების ნაწილი ასევე იხდის 2%-ს ნომინალური ხელფასიდან საპენსიო ფონდში.