თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს გაჩუმდეს, ხოლო ოპოზიციას – პარტიული ინტერესები გვერდზე გადადოს, განაცხადა პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
ოპოზიციის დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს გახდება დაბრკოლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.
„როგორც ჩანს, თავდასხმებისგან თავის შეკავება ხელისუფლებას არ შეუძლია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გაჩუმდნენ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას. რაც შეეხება ოპოზიციას, რა პერიოდიც არის დარჩენილი, მაქსიმუმი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთი კვირითაც ვერ ახერხებს, პარტიული ინტერესი გვერდით გადადოს და თამამად მოუწოდოს ევროკავშირს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ პირველ რიგში, რომელიც, „ქართული ოცნების“ მსგავსად, საკუთარი ცხვირის იქით ვერ იყურება, საკუთარ ეგოს ვერ აბიჯებენ, როდესაც განმსაზღვრელია პარტიული ინტერესები და ერთი კვირითაც არ შეუძლიათ ეს პარტიული ინტერესი გვერდით გადადონ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ორშაბათს „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ნაციონალური მოძრაობის" წინადადებით, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო წლებში EPP „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება საქართველოში დემოკრატიის რეგრესის ტენდენციას.
ეს განცხადება EPP-მ იმ დროს გააკეთა, როდესაც საქართველო ელოდება ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამ განცხადების პასუხად საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება რეალობას სრულიად სცილდება, ზოგიერთი ფორმულირება კი დაუსაბუთებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსდა, 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ევროპარლამენტის უმსხვილესი და წამყვანი პარტიაა.