თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წლის ბოლომდე გაზზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ უნდა ველოდოთ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრმა გიორგი ფანგანმა.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
„წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. წლის ბოლოს გეგმიურად მოხდება ყველა მსხვილი კომპანიის ტარიფის რევიზია“, – განაცხადა ფანგანმა „TV პირველის“ ეთერში.
ჩვენ არ ვვარაუდობთ დამატებით ზრდას, მეტიც, ვფიქრობთ, მომავალი ერთი წელიწადი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით ყველაზე სტაბილური იქნება. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული და ვალუტის კურსი ბევრ რამეს განსაზღვრავს, დაამატა გიორგი ფანგანმა.
ამასთან, კომერციული მომხმარებლებისთვის 2022 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი იზრდება. ექსპერტების პროგნოზით, ეს სურსათის ფასებზე აისახება.