თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებულის დაცვის მხარე მოსამართლეს 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. თავად მამაკაცმა ბრალდება უარყო და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბავშვმა ძალადობის ისტორია გამოიგონა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მაისს დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 60 წლამდე მამაკაცია, მწყემსი. ის 11 წლის ბიჭზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა და ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
დაკავებულ მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.