თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დღეს ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის", – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგრძელებენ. ადგილზე იმყოფება ასევე ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა, რომელიც სავარაუდო სუიციდის ფაქტზე საუბრობს.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე", – განაცხადა გალდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.