თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
1 ივნისს საქართველო უერთდება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მრავალი ღონისძიებით აღინიშნება.
ჩხენკელის მისალოც მიმართვაში ნათქვამია, რომ უფროსი თაობის ვალია, თითოეულ ბავშვს განვითარებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი", – აცხადებს ჩხენკელი.
მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიადგა. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინელი ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში.
„თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან", – განაცხადა ჩხენკელმა.
ამასთან, ჩხენკელმა ისაუბრა პედაგოგების წვლილზე განათლებული თაობის აღზრდის საქმეში.
„ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ. უდიდესია პედაგოგების წვლილი განათლებული თაობის აღზრდის საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველია", – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დღეს თბილისში, დედაქალაქის სამ დიდ პარკში – ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, „მზიურის" პარკში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სტუდიების კონცერტები, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. ბავშვებს უფასოდ დაურიგდება ტკბილეული, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირების სამოსში გამოწყობილი ანიმატორები იზრუნებენ.
გარდა ამისა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიხსნება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქართული და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი 1-6 ივნისს ჩატარდება. 4 ივნისს კი თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.