მსოფლიო დღეს

ნატოში გაწევრიანების პირობა: თურქეთი ფინეთისა და შვედეთისგან პასუხს ელოდება

Sputnik
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა, ანკარა კი ელოდება პასუხს ამ ქვეყნებისგან ნატოში გაწევრიანებისთვის წარდგენილ პირობებზე, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ნატოს გენერალური მდივანი ვითარების კურსშია, კონტაქტშია ჩვენი სახელმწიფოს მეთაურთან, ჩემთან. მან ტექნიკური შეხვედრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადება წამოაყენა. მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენს წერილობით პირობებზე პასუხის გარეშე შეხვედრას აზრი არ აქვს“, − აღნიშნა ჩავუშოღლუმ სააგენტო Anadolu-სთან საუბრისას.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთისთვის წარდგენილი პირობების შესრულება შეუძლებელი არ არის.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა The Economist-ს განუცხადა, რომ ანკარა არ შეიცვლის პოზიციას შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუ მათი მხრიდან აუცილებელი ნაბიჯები არ გადაიდგმება.
ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი 18 მაისს გადასცეს. თურქეთმა ამ განაცხადების განხილვის პროცესის დაწყება დაბლოკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას არ შეუძლია თქვას „დიახ“ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე, რადგან არ სჯერა მათი განცხადებებისა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესახებ.