ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება

უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ის „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და ჟურნალისტიკას უბრუნდება. მან არ დაასახელა ტელეარხი, თუ სად იმუშავებს, თუმცა აღნიშნა, რომ ის ბრძოლის ხაზზე რჩება.

„დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მასმედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი", – აღნიშნა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ განცხადება უკვე გაუგზავნა. პროცედურის მიხედვით, აპელაციის შემდეგ უდუმაშვილს უფლებამოსილება მომდევნო პლენარულ სხდომაზე შეუწყდება.
გიორგი ვაშაძე: „ერთუჯრედიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტარები...“>>
ზაალ უდუმაშვილის წასვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 29 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. დღეს პარლამენტში რეალურად 145 დეპუტატია, მათგან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელია.