თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კულტურის სამინისტრო დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი უკვე მოხსნილია.
„შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე", – განაცხადა მინისტრმა.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უგო ტონიეტიმ, სარა სტეფანინიმ, მარიო პულიერიმ და ალესანდრო მასარიმ. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მიტროპოლიტი დავით ალავერდელი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე და ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება.
ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომელიც კედლის მხატვრობას საფრთხეს აარიდებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეათანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. დღეს დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს, რომელიც საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში.
სამინისტროს განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოსაფხვრელად 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.
2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.