თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო კერების დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის – გურჯაანში საფუძველი ეყრება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა", – განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, აკადემია შეძლებს საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან წამყვანი უცხოელი სპეციალისტებიც, რაც საერთაშორისო სტანდარტით სწავლებას შეუწყობს ხელს. აკადემიაში ქართველ ლექტორებთან ერთად ბასკური კულინარიული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები იმუშავებენ.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. ცერემონიის დასასრულს მონაწილეებმა ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დარგეს.
გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს.
ბასკური კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები იღებენ განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებულად საქმიანობენ გასტრონომიულ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.