რუსული ხერხი, ანუ რატომ გადაიდო კვლავ დეფოლტი

Sputnik
ვადიმ პავლოვი
გასულ კვირაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უარი თქვა ლიცენზიის გაგრძელებაზე, რომელიც რუსეთს საგარეო ვალის მომსახურების საშუალებას აძლევდა. ამ გადაწყვეტილებამ კვლავ გააცოცხლა საუბრები რუსეთში დეფოლტის დაწყების თაობაზე.

ლიცენზიას ვადა არ გაუგრძელდება

გასულ კვირაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ OFAC-ის ლიცენზიის ვადა არ გახანგრძლივდება. ლიცენზია დასავლელ ინვესტორებს რუსული ობლიგაციების სანაცვლოდ გადასახადების მიღების, ხოლო რუსეთს საგარეო ვალის მომსახურების შესაძლებლობას აძლევს.
შესაბამისი გადაწყვეტილება 25 მაისიდან ამოქმედდა.
ამ ლიცენზიის გარეშე რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ვერ მიაწვდის ფულს საერთაშორისო ობლიგაციების მფლობელებს, თუ ქაღალდები აშშ დოლარებში იქნება ნომინირებული. ამერიკელი ინვესტორები ასევე ვერ მიიღებენ გადასახადებს რუსული ობლიგაციების სანაცვლოდ, თუ ისინი ევროშია ნომინირებული.
დეფოლტი ერთ კვირაში? რა ელის რუსეთს
შექმნილი სიტუაცია კვლავ გამოიწვევს იმას, რომ რუსეთი დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდება. მაგრამ თუ დეფოლტი დადგება, ის იქნება არა კლასიკური, არამედ „ტექნიკური“ დეფოლტი, როდესაც ქვეყანას აქვს საკუთარი ვალის მომსახურების სახსრები, თუმცა არ შეუძლია ამ თანხების ინვესტორებთან გადარიცხვა.
ანუ არავითარი საგრძნობი ეფექტი რუსულ ეკონომიკაზე ასეთ ხელოვნურ პოტენციურ დეფოლტს არ ექნება.

რუსეთი არასაიმედო და გადახდისუუნაროა?

ტექნიკური დეფოლტის რეალური შედეგი გახდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების ვარდნა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი დღეს, სანქციების დაწესების შემდეგ, ისედაც მოწყვეტილია უცხოურ ინვესტიციებს. და როგორ საიმედო მსესხებელსაც არ უნდა უწოდებდნენ რუსეთს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, კაპიტალის მოზიდვა წარმოუდგენელია.
ამასთან, რეიტინგების ვარდნა, სინამდვილეში, სიმბოლურია.
რუსეთი, მიუხედავად სანქციებისა, მაინც ინარჩუნებს საიმედო მსესხებლის იმიჯს. ქვეყანა თავისი ობლიგაციების ყველა მფლობელს (არამეგობრულ ქვეყნებშიც) ლიცენზიის შეწყვეტამდე რეგულარულად უხდიდა თანხას.
ახლაც კი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ლიცენზია და რუსული ობლიგაციების მფლობელებს, ფაქტობრივად, აუკრძალა დოლარებით საფასურის მიღება, მოსკოვი უარს არ ამბობს თავის ვალდებულებებზე.
რუსეთს დეფოლტი არ გამოუცხადებია: მოსკოვმა ამერიკული მედიის განცხადებები უარყო
როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა აღნიშნა, რუსეთი გეგმავს, „გაზის სქემის“ მსგავსად, უცხოელებს თანხა რუბლებში გადაუხადოს. ამ მექანიზმის მეშვეობით მიღებულ ვალუტას ინვესტორები შეუზღუდავად გამოიყენებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე გამოშვებულ ობლიგაციებში არის „ალტერნატიულ ვალუტებში გადახდის“ პირობა, რომელიც რუსეთს რუბლით გადახდის შესაძლებლობას აძლევს, თუ რაიმე გარეშე რყევები შეაფერხებენ თანხის გადარიცხვას უცხოურ ვალუტაში.
ასე რომ, ინვესტორები ერთმნიშვნელოვნად მიიღებენ კუთვნილ თანხებს, რუსეთი კი შეძლებს გადახდას.
ამ ისტორიაში მედლის მეორე მხარეა ის ფაქტი, რომ დოლარის, როგორც საერთაშორისო ვალუტის საიმედოობა და აშშ-ის, როგორც სხვა ქვეყნების ფინანსური რეზერვების შემნახველის საიმედოობა შეიძლება საგრძნობლად შეირყეს.
სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლა მსოფლიოს პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყანა რამდენჯერმე დაფიქრდება, ღირს თუ რა საკუთარი რეზერვების შენახვა სახელმწიფოში, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი და ხელის ერთი მოსმით მოიპაროს მისი ფული.
დასკვნა: თუ 1998 წელს, რუსეთში დეფოლტის დროს, ქვეყანას არ ჰყოფნიდა ფული ვალების დასაფარად, ახლა ფულიც არის და ვალების გასტუმრების მზადყოფნაც. რუსეთის არასაიმედოობა, როგორც მსესხებლისა, რუსეთის გადახდისუუნარობა და სხვა თეზისები – სხვა არაფერია, თუ არა ფაქტების ბანალური გაყალბება.
უკრაინა ევროპას გაზის გარეშე ტოვებს: გაწყვეტს თუ არა რუსეთი სატრანზიტო კონტრაქტს?

რა მიზანი აქვს აშშ-ს?

შეერთებულმა შტატებმა თავდაპირველად რუსეთს მისცა შესაძლებლობა, გაესტუმრებინა ვალები გაყინული რეზერვებიდან. შემდეგ ეს აიკრძალა, მაგრამ რუსეთს შეეძლო თავისი ობლიგაციების მფლობელებისთვის გადაეხადა ის ვალუტა, რომელიც ქვეყანაში იყო. ახლა ვაშინგტონმა გადაწყვიტა ამ შესაძლებლობის მოსპობაც, რათა რუსეთში, სამი თვის წინანდელი პროგნოზის შესაბამისად, ბოლოს და ბოლოს დაიწყოს დეფოლტი.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს რუსეთის ეკონომიკაზე ხელშესახებ გავლენას არ იქონიებს, სავსებით ლოგიკური იქნებოდა კითხვის დასმა: რატომ აკეთებს ამას აშშ?
საინტერესოა, რომ ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება ამერიკელ ინვესტორებს დააზარალებს.
თავდაპირველად აშშ გეგმავდა, რუსეთი იძულებული გაეხადა, ვალები გაესტუმრებინა ქვეყანაში შესული ვალუტით (მაგალითად, ობლიგაციების მფლობელებისთვის გადაერიცხა გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებული თანხა), და ასე დაესუსტებინა რუსეთი ეკონომიკურად, მაგრამ არ გამოვიდა.
ამჟამად რუსეთის ვალი მშპ-ის 18%-ს არ აღემატება.
ახლა კი ბაზარზე არსებობს ვარაუდი, რომ აშშ-ის მთელი ამ ქმედებების მიზანი არის რუსეთისთვის კროსდეფოლტის გამოცხადება (როდესაც გადახდა ვადაგადაცილებულია და ყველა კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადი ყველა ობლიგაციისთვის ერთბაშად, განურჩევლად მათი მოქმედების ვადისა).
რა მოხდება, თუ რუსეთს GPS-დან გათიშავენ: შეეხება თუ არა სანქციები საქართველოს?
ხოლო თუ რუსეთი ვერ შეძლებს ვალის გასტუმრებას, ინვესტორებისთვის განკუთვნილი სახსრების გადასაცემად აშშ შეძლებს „გაყინულ“ რუსულ რეზერვებს „კონფისკაცია“ გაუკეთოს. ასევე შეიძლება მოექცნენ რუსეთის უცხოურ აქტივებს.
მაგალითად, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები სამიტის მსვლელობისას გეგმავენ ევროკავშირის იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხის განხილვას.
თუ მიზანია გაყინული რუსული რეზერვების მითვისება და მათი დარიგება თავიანთი ინვესტორებისთვის, ამ ვარიანტს რუსეთი თავიდანვე სთავაზობდა მათ.
თუ მიზანია რუსული აქტივების მოპარვა, არც ესაა მარტივი: ექსპერტების თქმით, რუსეთში დასავლეთის არანაკლები აქტივია და მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში სავსებით მოსალოდნელია, რუსეთმაც მიმართოს დასავლეთის აქტივების კონფისკაციის მეთოდს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა ექსპერტი ალექსეი ზუბეცი ამბობს:

„დასავლეთის ეს მოსალოდნელი ნაბიჯი შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც ომის გამოცხადება და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, მაგრამ არა მგონია, აშშ და დასავლეთის ქვეყნები მზად იყვნენ ასეთ კონფლიქტში ჩაბმისთვის. ყველას ესმის, რომ მათ რუსეთთან შერიგება მოუწევთ, ხოლო სპეცოპერაციის მსვლელობის პარალელურად მათი ეს განწყობა სულ უფრო აშკარაა“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე