ბათუმის საკრებულოს მმართველი პარტიის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი რამაზ ჯინჭარაძე გახდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
მის კანდიდატურას მხარი 35-დან 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. კენჭისყრაში ასევე არ მიიღეს მონაწილეობა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" და პარტია „ლელოს" წარმომადგენლებმა.
სხდომაზე ასევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. პირველი მოადგილე გახდა გახარიას თანამოაზრე ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოში პარტიის „საქართველოსთვის" სიით მოხვდა, თუმცა პარტიის რიგები ადგილობრივი არჩევნების მერე - 29 ოქტომბერს დატოვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ „ქართული ოცნების" წევრები ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.
დღესვე საკრებულო საკუთარი სურვილით დატოვა "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ. მას პარტიულ სიაში მომდევნო - ვაჟა დარჩია შეცვლის.
შესწორებებმა იმუშავა
ბათუმის საკრებულოს მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებული იყო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ბათუმის საკრებულოში კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანა მოუწია.
ამიერიდან არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება თავად საკრებულოს თანხმობის გარეშე დამტკიცდება. შუალედური არჩევნების შემთხვევაში მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 14 დღეში გააქტიურდება, ხოლო თუ საქმე ეხება პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატის შეცვლას, სიაში წარმოდგენილი მომდევნო კანდიდატი დეპუტატი გახდება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემიდან 14 დღეში.
კრიზისი ბათუმის საკრებულოში: ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის შეცვლა გადაწყვიტა>>
ამ დრომდე რამაზ ჯინჭარაძე ვერ იწყებდა თავმჯდომარის მოვალეობების შესრულებას, რადგან ოპოზიცია საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა.
მმართველ პარტიას კი არ ჰყოფნიდა ხმები, რათა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება მიეღო.
„ქართულ ოცნებას" საკრებულოში 35-დან 16 ადგილი ჰქონდა. ჯინჭარაძემ მმართველი პარტიის რიგების შევსება საკრებულოში მხოლოდ მისი უფლებამოსილების აღიარების შემდეგ მოახერხა. ამისთვის საჭირო იყო კვორუმი, ანუ სხდომას მინიმუმ 18 დეპუტატი უნდა დასწრებოდა. ამის გაკეთება ოპოზიციის ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა.
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციას 17 ადგილი აქვს: „ნაცმოძრაობას" – 14 მანდატი, „საქართველოსთვის" – 2, „ლელოს საქართველოსთვის" – 1. საკრებულოში არის ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც პარტიიდან „საქართველოსთვის" აირჩიეს, მაგრამ მან მალე დატოვა მისი რიგები.