„უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი“:ბრეგაძე სააკაშვილის უცხოეთში შესაძლო გადაყვანაზე

გადაწყვეტილებას პატიმრის გათავისუფლების შესახებ იღებს სასამართლო, აღნიშნა რატი ბრეგაძემ
Sputnik
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერ გაათავისუფლებს ვერც ერთ პატიმარს, რომელიც სასჯელს იხდის, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რატი ბრეგაძემ.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. ოჯახი მოითხოვს სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ.
„მსჯავრდებული სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც შეეხება ნებისმიერი მიზნით ქვეყნის ფარგლების დატოვებას, ამ შემთხვევაში, სასჯელი უნდა იყოს ან გადავადებული, ან პირი სასჯელისგან უნდა იყოს თავისუფალი და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერც ერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნა მან.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.