თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ადამიანებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო მასობრივ ვაქცინაციას აუცილებლად არ მიიჩნევს, განაცხადა ჯანმოს ყვავილთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა.
„მასობრივი ვაქცინაციის, ფართომასშტაბიანი იმუნიზაციის საჭიროება არ არსებობს. [მაიმუნის ყვავილი] ძირითადად მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით გადადის და ამიტომ ამ მომენტში კონტროლის მთავარ საშუალებად კონტაქტის მოკვლევა, გამოძიება და იზოლაცია რჩება“, — აღნიშნა ლუისმა ბრიფინგზე.
გარდა ამისა, ჯანმო ასევე არ გასცემს მოგზაურობის შეზღუდვების ან აკრძალვის რეკომენდაციებს ენდემური ქვეყნების გარეთ.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანსაც გადაეცემა. სპეციალისტების თქმით, ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა ზოგ შემთხვევაში არ გამოირიცხება გართულებები.
მაიმუნის ყვავილის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.