ვიქტორია ნიკიფოროვა
„აზოვსტალიდან“ ყველაზე მტკიცე უკრაინელი ჯარისკაცების ტყვედ ჩაბარებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო სულისკვეთება შეარყია. სამხედროები უკან იხევენ, ტყვედ ბარდებიან, ვინც ჯერ არ არის გაწვეული, გარბის.
მაგრამ კიდევ უფრო თვალსაჩინოა დასავლელი პარტნიორების საბრძოლო განწყობის განელება. მარიუპოლის აღებიდან მალევე უკრაინა გაქრა წამყვანი ანგლოსაქსური მასმედიის პირველი ზოლებიდან. ინგლისური პროპაგანდის ყურადღების ცენტრში ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი მოექცა, ამერიკელები კი ნოემბრის არჩევნებისთვის მზადებას შეუდგნენ.
აშშ-ის საინფორმაციო ველში გაისმა ფრაზები: „ომი უკრაინაში სულ უფრო რთულდება, ამერიკა ამისთვის მზად არ არის“. New York Times-ის რედაქცია უკრაინის ლიდერებს ურჩევს, ჩააბარონ თავიანთი ტერიტორიები რუსეთს. უცნაურია Washington Times-ის ფურცლებზე წაკითხვა მოწოდებებისა, შეხედონ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა მხრიდან, და მსჯელობისა, როგორი აუცილებელია გლობალური ბირთვული დაპირისპირების თავიდან აცილება.
პოზიციები მსოფლიო პოლიტიკის მძიმეწონოსანმა 99 წლის ჰენრი კისინჯერმა შეაჯამა. დავოსის ფორუმზე მან უცერემონიოდ ურჩია კიევს დანებება – მოსკოვთან მშვიდობიანი მოლაპარაკების დაწყება. თემა საინტერესოდ განავითარა პუბლიცისტმა პატრიკ ბიუკენენმაც. კონფლიქტის გაჭიანურებაში სარგებელს ვერც ის ხედავს. ჩანს მხოლოდ ბირთვული ომისა და განადგურების რისკი.
ბიუკენენმა მკითხველს შეახსენა, რომ XX საუკუნეში აშშ-ის მთავრობამ არაერთხელ სცადა ევროპაში კონფლიქტების გაღვივება, აწყობდა საინფორმაციო ომებს სსრკ-ის ლიდერების წინააღმდეგ, მიჰყავდა სიტუაცია მსოფლიო ომის პირამდე, შემდეგ კი სწრაფად იხევდა უკან და მშვიდობიან მოლაპარაკებებს თანხმდებოდა.
არსად ისე მკვეთრად არ იგრძნობა საინფორმაციო დღის წესრიგის გარდატეხა, როგორც ანგლოსაქსური მასმედიის დამოკიდებულებაში ზელენსკის მიმართ. მაგალითად, ზელენსკი წარმოთქვამს მხურვალე სიტყვას დავოსის ფორუმზე, მაგრამ მის ყველაზე გამორჩეულ რეპლიკებს არ აშუქებს მასმედია.
იმავე დავოსის ფორუმზე რუსეთთან გამარჯვებამდე ომის აგიტაციას მხოლოდ ლეგენდარული ოლიგარქი, 91 წლის ჯორჯ სოროსი ეწეოდა. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ჩამოგდებული მფრინავის როლს ასრულებდა, რომელსაც ცალკეული ფინანსური კლანები ჯერ კიდევ ანდობენ თავიანთი გეგმების გამჟღავნებას, შემდეგ კი ხმამაღლა წუხან, რომ მათი შესრულება შეუძლებელია. მისი შეხედულებები რეალობას მოწყვეტილია.
უკრაინაში სპეცოპერაციის წარმატება გამოიხატება არა მხოლოდ გამარჯვებებით ბრძოლის ველზე, არამედ რუსეთთან მიერთების აუცილებლობის გაცნობიერებით. ხალხის ნების ეს ცვლილება ისტორიული მომენტია. ამ მომენტში აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ხვდება, რომ გაცლა სჯობს.
მით უმეტეს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სიურრეალისტური სანქციები შტატებს ახალ დიდ დეპრესიაში აგდებს. და თუ ყველაფერი ნოემბრამდე არ მოგვარდა, დემოკრატიულ პარტიას არჩევნებზე მცირეოდენი შანსიც არ ექნება. ამისათვის საჭიროა უკრაინის დათმობა. მხოლოდ ბიზნესია, მეტი არაფერი.
სხვა საქმეა ამის ისე გაკეთება, რომ სახე არ დაკარგონ. დემოკრატიულმა პარტიამ ხომ ამერიკელებში სრულიად არაჯანსაღი მილიტარისტული ისტერიკა გააჩაღა.
საინტერესოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთთან დაპირისპირების გრადუსს ამცირებს და ცდილობს დემოკრატიული პარტიის გადარჩენას დამდეგი არჩევნებისთვის, ხოლო პარტიის მხურვალე მხარდამჭერები ამას აღიქვამენ, როგორც ღალატს, და კიევის „გადაგდების“ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ დემოკრატებს მხარს არ დაუჭერენ.
გაწბილებული არიან აღმოსავლეთ ევროპელი ქორებიც. თვალდათვალ ქრება მათი, როგორც რუსეთის საწინააღმდეგო ფორპოსტის არსებობის აზრი. ისინი, როგორც ერთი, გმობენ კისინჯერის პოზიციას და ვაშინგტონისგან ითხოვენ, გააგრძელოს უკრაინის მომარაგება იარაღით.
მაგრამ უკრაინა, სამწუხაროდ, მთავრდება. ყირიმს კვალდაკვალ მიჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, აზოვის სანაპირო, ბურუსითაა მოცული შავი ზღვის სანაპიროს ბედი ოდესასა და ნიკოლაევთან ერთად. გაუგებარია, რა ბედი ელის დასავლეთის ტერიტორიებს, სადაც თავისი ბატალიონებით შესვლას ცდილობს პან დუდა.
დასავლელმა პარტნიორებმაც მოიწყინეს. უკრაინის მიმართ ინტერესი ერთბაშად გაქრა. საბოლოოდ თემა დაასამარა თავად ზელენსკიმ, როდესაც დავოსში დასავლელ ოლიგარქებს ქვეყნის რეგიონების აღდგენაში „ინვესტიციების ჩადება“ შესთავაზა.
...ჯერჯერობით მშვიდობიანი მოლაპარაკების პროექტები, რომლებსაც მოსკოვს განსახილველად სთავაზობენ, აზრს მოკლებულია. კისინჯერიც კი რუსეთსა და უკრაინას სტატუს-კვოსთან, ანუ 24 თებერვლის საზღვრებთან დაბრუნებას სთავაზობს. იტალიის ხელისუფლება უკრაინისთვის ავტონომიის სტატუსით დონბასის და ყირიმის გადაცემასაც კი სთავაზობდა რუსეთს.
თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ: უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიული ზარალი გააცოფებს უკრაინელ პატრიოტებს. ხოლო ნებისმიერი დათმობა მოსკოვის მხრიდან აღაშფოთებს რუს პატრიოტებს. და როგორ შეიძლება შეთანხმება ამ შემთხვევაში?
როგორც ჩანს, ეს გრძელი ამბავია. უკრაინის დასავლელი პარტნიორები ნელ-ნელა აცნობიერებენ რუსეთთან კონფლიქტის დამღუპველობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე