ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა გრძელდება: სამუშაოები 2 კმ სიღრმეზე მიმდინარეობს

პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გვირაბამდე მისასვლელი გზის მშენებლობაც.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქვეშეთი–კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, უკვე გაითხარა 1,8 კილომეტრი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.

„დანადგარი უკვე მთავარი გვირაბის 1,8 კმ-ის სიღრმეში მუშაობს, საევაკუაციო გვირაბი კი 3,1 კმ-ზეა გაჭრილი. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც ოთხი გვირაბისა და ოთხი ხიდისგან შედგება“, – განაცხადა ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიც სპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გასავლელი 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.
სატრანზიტო გადაზიდვები აღარ განხორციელდება გუდაურის გავლით. პროექტის ფარგლებში აშენდება კურორტ გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა, რომლის მეშვეობითაც გუდაური განიტვირთება არასაკურორტო მოძრაობისგან. შედეგად – ტრანზიტი უფრო უსაფრთხო გახდება.
მშენებლობა ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პატრონაჟით, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.