დანგრეული შენობები, აუფეთქებელი ჭურვები, ნამსხვრევებით მოფენილი ეზოები – ლუგანსკის ძალებმა რუსული ჯარის დახმარებით დაიკავეს რუბეჟნოე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილი. ფრონტის ხაზამდე სამი კილომეტრია, სროლა გრძელდება.
„ოდესღაც პრესტიჟული რაიონი“
ჯერ კიდევ 40-იანი წლების ბოლოს გერმანელი და იტალიელი ტყვეების მიერ აგებული გამარჯვებულთა გამზირი პრაქტიკულად მთლიანად განადგურებულია. გადარჩა მხოლოდ განმათავისუფლებლებისთვის მიძღვნილი მემორიალი და პიონერთა სასახლე.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რაიონი იყო, – ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები. – ფართო ბინები, მაღალი ჭერი, სკვერი, ატრაქციონები, გამწვანება. ახლა კი მხოლოდ ნანგრევებია, სადაც დაკარგული ძაღლები და კატები დარბიან“.
მეზობელ ქუჩაზე შემთხვევით გადარჩენილი სამტრედეა. „ომამდე 150 ფრინველი მყავდა, ახლა კი მხოლოდ ორი ათეული დამრჩა, – ამბობს პენსიონერი ვალენტინა. – რამდენიმე დღის წინ, ამათ რომ ვაჭმევდი, უკრაინის მხრიდან „დაგვცხეს“. დახრა მოვასწარი, ნამსხვრევმა თავზე გადამიფრინა, ქუდზეც კი წამომედო“.
ათიოდ მეტრში ხუთი საფლავია. ერთში ოთხი ადამიანია დაკრძალული, მათ შორის ორი ბავშვი − 10 და 11 წლის. კიდევ კაცი და ასაკოვანი ქალი. დაღუპულ შვილებს მარტო დედა ზრდიდა. აპრილის შუა რიცხვებში წყლის მოსატანად წავიდა და მეზობლებს სთხოვა, რომ ბავშვებისთვის მიეხედათ. მალე კვარტალი დაიბომბა, ჭურვი მის ბინას მოხვდა.
„დედა აღარ დაბრუნებულა. რა ბედი ეწია, არავინ იცის. სავარაუდოდ, ისიც არტილერიის სროლაში მოხვდა“, − ამბობს მეზობელი ოლესია.
ქალაქელების უმეტესობა სტარობელსკში გაემგზავრა, სადაც დროებითი საცხოვრებელია მოწყობილი ლტოლვილებისთვის. ზოგი ახლომდებარე სოფლებში გადავიდა საცხოვრებლად − მეგობრებთან და ნათესავებთან.
მიტოვებული პოზიციები
გამარჯვებულთა გამზირზე სახანძრო სამსახურის ყოფილ შენობას უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები იკავებდნენ. შიდა ეზო სავსეა დამწვარი სამხედრო ტექნიკით. აგურის ორსართულიანი შენობა ნახევრად დანგრეულია.
მთავარ შესასვლელთან ქვიშის ტომრებით მოწყობილი დოტია. პირველი სართულის კედლებზე „ეროვნული გმირების“ პორტრეტების გალერეაა, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა. იქვე დევს „მართლმადიდებელი მეომრის ლოცვის წიგნი“ და ბროშურა „ადამიანი, მებრძოლი, მეგზური“ − სტეპან ბანდერას შესახებ.
მიწის ქვეშ თავშესაფარია. ბევრი დერეფანი, ოთახები, საშხაპეები, საპირფარეშოები, საწყობები, საძინებლები... იატაკზე – გახსნილი ყუთები საბჭოთა დროინდელი აირწინაღებით, ასევე ამპულები ტოქსიკური შხამით. მითითებულია თარიღი – 1961 წელი. ყველგან პროდუქტი და ტანსაცმელია. უკან დახევამდე ბოლო დღეებს აქ ატარებდნენ. წასვლის წინ გასასვლელები დანაღმეს.
მიწისქვეშა დერეფნები, როგორც ჩანს, შორს მიდის, მათ შორის, ქიმკომბინატის ტერიტორიამდეც.
„რუბეჟნოეში რამდენიმე მსხვილი სამრეწველო საწარმოა, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. – ყველა მათგანის ქვეშ ლაბირინთია. მაგალითად, კომბინატ „ზარიადან“ მარტივად შეიძლება გაქცევა ტყეში“.
სწორედ „ზარია“ იქცა უკრაინის ჯარების ბოლო გამაგრებულ ტერიტორიად რუბეჟნოეში. ახლა ისინი სევეროდონეცკში არიან, რომელიც აქედან სამ კილომეტრშია. პოზიციები გორაკზეა. ქალაქი იქიდან ხელისგულზე მოჩანს.
„მშვიდობიან მოსახლეობასაც ესვრიან, − ამბობს ანდრეი, – სრულიად გაუგებარია, რატომ, წყლისთვის ორასი მეტრის გავლაც კი მეშინია, ჰუმანიტარულზე წასვლას ვინ დაეძებს“.
დახმარებას მე-7 მიკრორაიონში არიგებენ. პროდუქტის მიღება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, მაღაზიები დიდი ხანია დაკეტილია.
სროლა არ წყდება. გასულ კვირებში ბევრი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. თითქმის ყოველდღე არიან დაჭრილები, უმეტესად, მშვიდობიანი მოქალაქეები.
ამ დღეებში მახლობლად მცხოვრები ბორისის ბინაში ნაღმის ფრაგმენტი შევარდა. კარში გაიჭედა. „აფეთქება ზუსტად შუა ეზოში მოხდა. სამხედროები დიდი ხანია აღარ არიან აქ, მაგრამ „ვესეუშნიკებს“, როგორც ჩანს, ეს არ აინტერესებთ“.
კერძო დასახლება მეზობელ უბანში უკრაინულმა არტილერიამ მთლიანად გაანადგურა. მიუხედავად რთული ვითარებისა, რუბეჟნოეში სულ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიდის. ქალაქელები ნელ-ნელა ბრუნდებიან. ამბობენ, რომ სახლში უკეთესია, რომ ყველაზე მძიმე დღეები წარსულს ჩაბარდა.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე