პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება: კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი იხილავს

პარკირების ზოგი წესის დარღვევაზე ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. არასწორი პარკირებისთვის სანქციების გამკაცრებაზე საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.
კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა, ითვალისწინებს დედაქალაქში პარკირების წესების გამკაცრებას და ჯარიმების ოდენობის გაზრდას.
პარკირების წესების იგნორირება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პარკირების ადგილების არარსებობამ და ავტომობილების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია ის, რომ ბევრი მძღოლი ავტომობილს აჩერებს ტროტუარზე ან სხვა ისეთ ადგილზე, სადაც პარკირება კატეგორიულად აკრძალულია.
კანონპროექტის თანახმად, ტროტუარზე გაჩერებული ყველა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
თბილისს მეტი საავტობუსო ზოლი და ველობილიკი ესაჭიროება - ექსპერტი>>>
გარდა ამისა, მერიას მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები. ასევე უქმდება ჯარიმის ოქმის მანქანის საქარე მინაზე დატოვების წესი – სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს–შეტყობინება.
პროექტის თანახმად, ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ იგნორირებისთვის ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი.
ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით ამჟამად არსებული 50 ლარის ნაცვლად.
თბილისში ტაქსის მძღოლებს „ბასლაინზე“ გაჩერების უფლება ექნებათ>>>
მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას თბილისში პარკინგის ღირებულების გადაუხდელობისთვის.
თბილისის საზღვრებში პარკირების სხვა წესების დარღვევისათვის ჯარიმა დღეს მოქმედი 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.
როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ამ ინიციატივას ისინი მხარს არ დაუჭერენ.
„ჩვენ ჯარიმების გაზრდას მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან დღეს სოციალური ფონი ისედაც ძალიან მძიმეა“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.