ემუქრება თუ არა ივანიშვილს დასავლეთის სანქციები? - ექსპერტის მოსაზრება

ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე და მას რუსეთში ბიზნესი არ გააჩნია.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ვერ შეეხება მილიარდერსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – ეს მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ რამდენიმე დღის წინ „უკრაინა 24"-ის ეთერში უკრაინელებს მოუწოდა აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.

„ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ბიზნესი აქვს რუსეთში. სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ სურს?“ – განაცხადა საყვარელიძემ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება ივანიშვილის სასამართლო დავას შვეიცარიულ ბანკთან Credit Suisse, ანალიტიკოსის თქმით, ეს კერძო დავაა, რომელიც მრავალი წელი გაგრძელდება.
„თუ ეს დავა ადრე არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საფუძველს, ახლა რატომ იძლევა? ეს უკვე ღიმილის მომგვრელია, რადგან საყრდენი არ გააჩნია“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
პრეზიდენტი: დასავლეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ განიხილავს>>
ექსპერტის თქმით, სრულიად ნათელია, რომ ეს თემა ოპოზიციის მხარდაჭერით წამოიწია, რაც არაა გასაკვირი.
სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი პოზიციის გამო – არ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარის შეყვანის გამო. მმართველ პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ „ომის პარტიას“ უწოდებენ.
საბანკო შეფერხებები და სასამართლოები - ადვოკატი ივანიშვილის პრობლემებზე>>
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.