IDS Borjomi-ს გენერალური დირექტორი დასაქმებულების ნაწილს შეხვდა

საპროტესტო აქციებზე „ბორჯომის“ ქარხნების თანამშრომლებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის - ხელფასების 10%-ით გაზრდა.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. IDS Borjomi-ს გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან ქარხნების მუშებმა დღეს, 17 მაისს შეხვედრა გამართეს, თუმცა შეხვედრას მუშების ნაწილი არ დაესწრო, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს. მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად – 685 თანამშრომლიდან 49 დაითხოვეს.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას 70-მდე მოქმედი თანამშრომელი ესწრებოდა. როგორც თანამშრომლების ნაწილი განმარტავს, დირექტორმა შეხვედრაზე მხოლოდ მოქმედი თანამშრომლები მიიწვია, ხოლო 49 გათავისუფლებული პირისთვის არ დაურეკავთ, ამიტომ ისინი შეხვედრაზე არ ყოფილან.
შეხვედრაზე მაჭავარიანმა დასაქმებულებს განუმარტა ხელშეკრულების პირობები და გააცნო ის ვითარება, რომლის წინაშეც კომპანია იმყოფება.
თუმცა, როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. საპროტესტო აქციებზე ქარხნების მუშებმა ხელმძღვანელობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს: ხელფასების 10%-ით გაზრდა, გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და ძველი კონტრაქტების დაბრუნება. ისინი ასევე შეხვედრას, გარდა კომპანიის გენერალური დირექტორისა, პრემიერ-მინისტრთანაც ითხოვდნენ.
„ბორჯომის“ ქარხნების გენერალური დირექტორი კომპანიის მუშებთან შეხვედრაზე დათანხმდა>>
პრობლემის მოსაგვარებლად შუამავლის როლი ჯანდაცვის სამინისტრომ იკისრა. შუამავლის მონაწილეობით მხარეების შეხვედრები 8 და 9 მაისს გაიმართა. შეხვედრის კონკრეტული შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
„ბორჯომის“ ახალი მფლობელი შესაძლოა ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე გახდეს>>
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.