თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16–18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი იქნება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.
შეხვედრებზე, კითხვარის თემის გარდა, განიხილავენ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასევე რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის გადაცემის შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა 3 მარტს შეიტანა. განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.