თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორი შეფასება უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ბოლო განცხადებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ.
მანამდე არესტოვიჩმა პროგრამის „ფეიგინ Live" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ „ძალით დაიბრუნოს ცხინვალის რეგიონი“.
„ეს არის მგონი მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არ იქნება არანაირი მეორე ფრონტი, არაერთხელ განაცხადეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.