ქართული მულტფილმის პროექტი საფრანგეთის დასაპყრობად მიემგზავრება

ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებში, რომელიც მულტფილს უდევს საფუძვლად, ერთმანეთს პროგრესული აზროვნება და უხეში ძალა უპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. რეჟისორ ნათია ნიკოლაშვილის სრულმეტრაჟიანი ქართული მულფილმის პროექტი „იგი“ ანიმაციური ფილმების ანსის საერთაშორისო ფესტივალზე (Festival international du film d'animation d'Annecy) მიიწვიეს, რომელიც 13–18 ივნისს გაიმართება.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში ივნისში ტარდება.
პროექტი ფესტივალის პიტჩინგზე მიიწვიეს, რაც ნიშნავს, რომ მულტფილმის შემქმნელები შეძლებენ თავიანთი პროექტის წარდგენას ინვესტორების მოსაძიებლად.
პროექტი „იგი“ საქართველოსა და ჩეხეთის კოპროდუქციაა. ამჟამად პროექტი დაფინანსების ძებნის სტადიაშია.
ქართულ „მიტოვებულ სოფელს“ ამსტერდამში საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი უწოდეს>>
მულტიპლიკაციური ფილმი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. პოპულარული ნაწარმოები 1977 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს სასკოლო პროგრამაშია შესული.
ნაწარმოებში საუბარია ისტორიამდელ საზოგადოებაზე, სადაც ადამიანი, სახელად იგი იწყებს ფიქრს კითხვებზე, რომლებიც აქამდე არავის დაუსვამს. ამის შესახებ იგებს ტომის ბელადი, რომელსაც არ მოსწონს იგის სხვაგვარი აზროვნება. ასე უპირისპირდება ერთმანეთს ნაწარმოებში პროგრესული აზროვნება და უხეში ძალა.