თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი კევინ სპეისი დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან იყო დაკავშირებული, კვლავ ითამაშებს მთავარ როლს კინოში, იუწყება Deadline.
ცნობილია, რომ მომავალი ფილმის დასახელებაა „1242 – გასვლა დასავლეთზე“. ესაა უნგრელი რეჟისორის პიტერ სოოსის ისტორიული დრამა. პროექტი დიდი ბრიტანეთის, უნგრეთისა და მონღოლეთის კოპროდუქციაა.
სპეისის როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ მისი კოლეგები გადასაღებ მოედანზე იქნებიან ერიკ რობერტსი და კრისტოფერ ლამბერტი.
სპეისის წარმატებული კარიერა ხუთი წლის წინ შეწყდა, როდესაც მას ჰარასმენტში (სექსუალური შევიწროება) 15-მა ადამიანმა დასდო ბრალი. მისი ბრალის დამტკიცება ვერავინ შეძლო, ამიტომ სასამართლო საქმეები შეჩერდა. მსახიობი თავად ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
ხმაურიანი სკანდალის შემდეგ სპეისი ჩამოაშორეს სერიალ „ბანქოს სახლის“ გადაღებებს, სადაც მან ბრწყინვალედ შეასრულა ფრენკ ანდერვუდის როლი. კინოსურათი „მსოფლიოს მთელი ფული“ კი ხელახლა გადაიღეს, ამოჭრეს კევინ სპეისის კადრები, მისი როლი კი კრისტოფერ პლამერს მისცეს.