თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ ეტაპირება განხორციელდა.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ შეთავაზება იუსტიციის მინისტრმა სამშაბათს გააკეთა. სააკაშვილი დათანხმდა აღნიშნულ კლინიკაში ეტაპირებას, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება, მხოლოდ იმ პირობით, რომ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, მის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს, ცენტრ „ემპათიის“ ექიმებს, დეპუტატებსა და ადვოკატებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირების წინადადება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გაკეთდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების მინიმიზაციის მიზნით.
ეტაპირებამდე ექს-პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას „ვივამედის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და შეხვედრა დაუნიშნა. ადგილზე მისულმა ალასანიამ მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კლინიკა კარგია, მაგრამ დღის წესრიგში კვლავ დგას სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადოდ არ მკურნალობენ და ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგანაც უარს აცხადებს მედიკამენტების ნაწილის მიღებაზე.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. დაკავებამდე იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.