დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას, რომელიც ქალაქ მანჩესტერში ჩატარდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
ღონისძიებას 40-მდე სტუმარი დაესწრო - სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.
ლონდონში გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა 60-მდე დასახელების ქართული ღვინო წარმოადგინეს, მათ შორის ისეთი ღვინოები, რომლებიც ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.
შვეიცარიაში ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან
ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას ითვალისწინებდა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 245.653 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.