თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თვითდაზიანება ვერ გახდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საფუძველი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპირებენ, რომ ქვეყნის პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართონ. ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან, სააკაშვილს თავდებში დაუდგნენ და მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.
„თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის და ვერც სხვა რაიმე ზომის გამოყენების საფუძველი. მას ყველანაირი მომსახურება უზრუნველყოფილი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
ოპოზიციონერი დეპუტატების თავდებობას ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი „უცნაურ გამოგონებად“ მიიჩნევს.
„თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაც უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა“, – განაცხადა წულუკიანმა.
დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ თავისი კოლეგების ინიციატივას უაზრო „საცირკო წარმოდგენა“ უწოდა, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ ამას მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში.
„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომელიც მიმართული იქნება მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.