მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობენ

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იგი ოცდაოთხსაათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების პრევენციის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტი, ადვოკატები, მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო სასამართლო სხდომებს არ დასწრებია.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და, ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

როგორც ბრეგაძემ განაცხადა, კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილს გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.
გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში დაუდგნენ სააკაშვილს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სხდომა გადადო
სახელმწიფო ბრალდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ კვეთას; საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.