საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუზარდა

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
უწყების ცნობით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.
ვეტერანთა კავშირის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თბილისის მერიამ ფინანსური დახმარება გაუზარდა
წელს, ისევე, როგორც შარშან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანთა ტრადიციული შეხვედრა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გაიმართება.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.