მსოფლიო დღეს

მაკრონმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო ვადები დაასახელა

მაკრონის თქმით, გაწევრიანების პროცესის დაჩქარება შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის წევრობისთვის მოთხოვნების შემსუბუქებით
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ევროკავშირში უკრაინის მიღების პროცესს შესაძლოა რამდენიმე წელი, ათწლეულებიც კი დასჭირდეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სტრასბურგში ევროპარლამენტში ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციის დახურვისას განაცხადა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რამდენიმე წელიწადი, სიმართლე გითხრათ, ათწლეულებიც კი გაგრძელდება. თუ არ გადავწყვეტთ ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტების დაწევას", - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
გარდა ამისა, მაკრონმა მოუწოდა ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის ბლოკის ირგვლივ შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოების უფრო ფართო პოლიტიკური საზოგადოება, „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“ ისეთი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების დასახმარებლად, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აპრილში კიევში ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა კითხვარი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაცემული დოკუმენტი არის „ბაზა დისკუსიებისთვის მომავალ თვეებში“.
28 თებერვალს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მეორე დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინას ანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.