დიდი ოდენობით ნარკოტიკი და იარაღი: სამეგრელოში ორი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 3.715 აბი „სუბუტექსი", ხოლო მეორე მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 2 აბი და აბის სამი ნატეხი, 2 პისტოლეტი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
44 და 52 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური