სანქციები სანქციებად, ვაჭრობა კი გრაფიკით მიდის - მოკლედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე

ბოლო წლებში საქართველომ ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა შეძლო, მაგრამ რუსეთის ბაზართან კონკურენცია მისთვის ადვილი არ არის.
Sputnik
უკვე ორი წელია, რაც მსოფლიოს რთული დრო დაუდგა. გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაიწყო, გრძელდება და კიდევ უფრო ღრმავდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. საქართველო ყველანაირად მხარს უჭერს უკრაინას, იცავს საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტას ვერ რისკავს.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
მიზანი – ეკონომიკის გადარჩენაა
ბაზრების დივერსიფიკაცია დიდი ხანია დღის წესრიგშია, მაგრამ ყველაფერი მაინც ფასებს უკავშირდება.

„ცხოვრება ერთ ადგილზე არ დგას. საქმე ფასს ეხება. რამდენად საინტერესო და მომგებიანი იქნება საქართველოსთვის პროდუქციის შეძენა ცხრა მთას იქით გეოგრაფიულ მეზობელთან შედარებით?“ – აღნიშნა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, საქართველოს მიზანია - არ ჩაიძიროს და მსოფლიოში არასტაბილურობის, რყევების ტალღამ საქართველოს ეკონომიკა არ გაანადგუროს. ეს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანაა.
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს დაახლოებით 140 ქვეყანასთან და რუსეთი ყოველთვის პირველ ათეულში იყო. 2006 წლამდე ის პირველ ადგილსაც კი იკავებდა.
ვაჭრობა საქართველო-რუსეთს შორის: ცნობილია ახალი სტატისტიკა>>
საქართველოში 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთმა თანდათანობით დაიწყო ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზრის გახსნა – 2013 წელს ღვინისთვის, 2014 წელს – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის.
„საქართველოს დღემდე რუსეთიდან შემოაქვს თითქმის მთელი მარცვლეული. რასაკვირველია, სხვა მომწოდებლის გამონახვაც შეიძლება, მაგრამ ეს საქართველოში პურპროდუქტებს გააძვირებს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში ფასები თითქმის 30%-ით გაიზარდა, ეს ქვეყნის მოქალაქეების ჯიბეს დაარტყამს“, – განაცხადა არჩვაძემ.
2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდი დოლარის პროდუქციით ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38,3%-ით გაიზარდა, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი – 15,8%-ით.
ძირითადი საქონელი
ბოლო წლებში საქართველომ შეძლო ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა და საკმაოდ საიმედო პარტნიორების შეძენა, მაგრამ რუსულ ბაზართან კონკურენცია მისთვის იოლი არ არის ობიექტური მიზეზების გამო. რუსეთი უფრო ახლოსაა, პროდუქცია უფრო იაფია, არ არსებობს ენობრივი ბარიერი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო>>
ხორბალი, ფქვილი, ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია – ესაა მცირე ჩამონათვალი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი საქონლისა, რომელსაც საქართველო მეზობლისგან ყიდულობს. რუსეთი კი, თავის მხრივ, საქართველოსგან ყიდულობს ღვინოს, მინერალურ წყალს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და ფეროშენადნობებს.

„საჭიროა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ნახვა. თურქეთის შემდეგ საქართველოს მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ყველაფერი დაშვებულია“, – განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, სანქციების დაწესებით ტერიტორიულად უმნიშვნელო საქართველო დაკარგავს გაცილებით მეტს, ვიდრე მისი ჩრდილოელი მეზობელი. რუსეთის ნიშის ალტერნატივა საქართველოს ეკონომიკაში არ არსებობს და მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, დარწმუნებულია ეკონომისტი.
„თუ სანქციებს აწესებ, ე.ი. უნდა თქვა, რომ იმ თამაშს თამაშობ, რომელმაც ისედაც უკიდურესად დაძაბა სიტუაცია მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ შენც გახდები ამ კონფლიქტის მხარე და მიიღებ იმ შედეგებს, რომლებითაც ეს პოლიტიკური თამაში დასრულდება“, – ფიქრობს გიორხელიძე.
ხელისუფლება ზეწოლის ქვეშაა
თებერვლიდან დაწყებული, საქართველოს მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებენ მსხვილი ოპოზიციური პარტიები, ასევე უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო. მეტიც, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

„სერიოზულს ვერაფერს ვიტყვი ოპოზიციის ქმედებებზე, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ, აჩვენებს, რომ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური მოქმედება, არამედ ისინი ემსახურებიან ვიღაცის ინტერესებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი მოაქვს“, – აღნიშნა გიორხელიძემ.

ქართული ოპოზიციის ქმედებებს ექსპერტმა სოსო არჩვაძემ დაუშვებელი და საქართველოში ხელისუფლების შეცვლისკენ გამიზნული უწოდა.
„ანუ მიზანშეწონილობა, სამართლიანობა, სიმართლე გადადის მეორე პლანზე და წინა პლანზე გამოდის საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ თითქოსდა სანქციების არდაცვის იდეა“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, იგივე ევროპული ქვეყნები დღემდე ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან.
მმართველი პარტია: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ამორალური არაფერია>>
„ამ დრომდე განაგრძობენ რუსული ენერგომატარებლების მიღებას და, ოფიციალური სტატისტიკით, ნავთობის რეალიზაციიდან შესული თანხა რამდენიმე ათეული პროცენტითაც კი გაიზარდა გასულ წელთან შედარებით“, – განაცხადა არჩვაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველ სახელმწიფოს თავისი ეროვნული ინტერესები აქვს და საგარეო და საშინაო პოლიტიკას ისინი ამ ინტერესების საფუძველზე ატარებენ.
ლიზა შელია