უფლებადამცველებს საქართველოში აშშ-ის ელჩთან კითხვები აქვთ

სახალხო დამცველის ბრძოლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად ერთადერთ მიზანს ემსახურება – ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ფიქრობს უფლებადამცველი.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ქართველი უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი უკმაყოფილო არიან საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით და დიპლომატისგან ითხოვენ, თავის გამონათქვამებში მეტი სიცხადე შეიტანოს.
კერძოდ, საუბარია დიპლომატის იმ განცხადებაზე, რომელშიც იგი ამბობს, რომ სრულად ენდობა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას აპარატს, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. აშშ-ის ელჩმა საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდა, ომბუდსმენის რეკომენდაციებს დიდი ყურადღება მიაქციოს.

„კელი დეგნანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადების შინაარსი და ტონი იყო მენტორული, სადაც ბრძანებით მოითხოვდა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 100%-ით უნდა იყოს გათვალისწინებული და ის მთლიანად ენდობა სახალხო დამცველს“, – განუცხადა კაკაბაძემ ჟურნალისტებს.

და იქვე დასძინა, რომ საუბარია იმ სახალხო დამცველზე, რომელსაც ქართველი ხალხი 100%-ით თუ არა, 90%-ით მაინც უცხადებს უნდობლობას მიკერძოებული პოლიტიკის გამო.
მისი თქმით, ლომჯარია ყოველთვის მხარს უჭერს მოთხოვნებს, რომლებსაც ოპოზიცია აყენებს. სახალხო დამცველის ბრძოლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის კი ერთადერთ მიზანს ემსახურება – დესტაბილიზაციას ქვეყანაში და სახელმწიფოს ომში ჩაბმის სურვილს, აღნიშნა კაკაბაძემ.
„ასეთი მოწოდებები, მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ მოდის დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩამოიშალოს სახელმწიფო და ამას ღიად ამბობენ თავიანთ ტექსტებში, ჩაითრიონ ომში ქვეყანა, რომელიც დასაწყისშივე ჩვენთვის არის წაგებული“, – აღნიშნა კაკაბაძემ.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააკაშვილის უცხოეთში გაყვანა - ექსპერტის განმარტება>>
სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი პოზიციის გამო – არ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარის შეყვანის გამო. მმართველი პარტია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან დაზარალდება თავად საქართველო, ხოლო ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
კაკაბაძის თქმით, ლომჯარიას აქვს დავალება, ხელი შეუწყოს სააკაშვილის გათავისუფლებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით.
კობახიძე: სააკაშვილი სიმულანტობით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს>>
„სწორედ ამიტომ არ დაინტერესებულა ლომჯარია დღემდე არცერთი პატიმრის ბედით, სააკაშვილზე ზრუნვა კი მის ერთადერთ საქმედ იქცა“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.
იმის ნაცვლად, რომ ლომჯარიას პირით ესაუბრა, აჯობებდა დეგნანს განემარტა, რისთვის სჭირდება მას სააკაშვილის გათავისუფლება შეგნებული თვითდაზიანების ან ავადმყოფობის სიმულაციის საბაბით და, შესაბამისად, რაში სჭირდება მას არეულობა საქართველოში, აღნიშნა კაკაბაძემ.

„რა რეკომენდაციები აქვს მხედველობაში – სააკაშვილის გათავისუფლება? სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება? ეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ეჭვებს იწვევს“, – განაცხადა, თავის მხრივ, გელა ნიკოლაიშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
ადვოკატები, სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ უტარდება სათანადო მკურნალობა და რომ იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. გეგმავენ საპროტესტო აქციებს მისი მკურნალობისა და გათავისუფლების მოთხოვნით.
ომბუდსმენი მზადაა სააკაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრს შეხვდეს>>
2 მაისს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობისა და გათავისუფლების მოთხოვნით.