თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თბილისში ტაქსის მძღოლები შეძლებენ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში საჭიროების შემთხვევაში იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა. კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილზე იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განმარტა, პარალელურად გამკაცრდება პარკირების წესები – ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.