ამირან გამყრელიძე მხარს უჭერს სამედიცინო სფეროს პანდემიის პერიოდში საქმიანობის შემოწმებას

შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ყველაფერი, რაც ბოლო ორი პანდემიური წელიწადის განმავლობაში ხდებოდა, უნდა იქნეს შესწავლილი, ფიქრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
ასე უპასუხა გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს ის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორონავირუსის მართვის დროს გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

„შესაძლოა, ბატონ ზურაბს (აზარაშვილს) მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, ის ჯანდაცვის მინისტრია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, გადაცდომა ყოველთვის შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ქვეყანა უკვე ორი წელია დიდი გამოწვევის წინაშეა. მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ ექიმების მადლიერი უნდა ვიყოთ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან.
„რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე უნდა იყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ“, – განცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა გამოსვლას ის იწყებს ექიმების მიმართ მადლობით და ამაყობს, რომ ამ საზოგადოების წევრია.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი სიტყვებით, კორონავირუსის პროგრამაში გამოყენებულ იქნა ფულის გადახდის სამკომპონენტიანი მექანიზმი, შეთანხმებული ყველა სამთავრობო უწყებასთან.
პირველი არის - საბაზისო, საწოლფონდისთვის მობილიზებული მექანიზმი, მეორე - პერსონალის დანამატი, მესამე - პრემიების ხარჯი.
გაბუნიამ განმარტა, რომ ამ მექანიზმით მუშაობდა გერმანია პანდემიის მართვისას.

„მიუხედავად იმისა, საწოლი იმ მომენტში დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა ხარჯი აქვს კლინიკას როგორც კომუნალური გადასახადების, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით. ასეთი იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ", – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჰოსპიტალში ათი პაციენტი მკურნალობს თუ ასი, მთავარია, კლინიკამ გააგრძელოს მუშაობა და ჰყავდეს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი.
ამ მომენტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტი სწავლობს საავადმყოფოების მუშაობას და უკვე გამოავლინა ექიმებისა და ექთნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიების მითვისების შემთხვევები.
რატომ გადადგა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: სამინისტროს განმარტება>>
2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც კორონავირუსის მართვაში მონაწილეობდნენ, ხელფასს 50%-ით გაუზრდიდნენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აუდიტის შედეგები გამოქვეყნდება, მაგრამ ვიდრე შედეგები არ არის გამოქვეყნებული, უწყება კომენტარს სახსრების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებაზე ვერ გააკეთებს.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს მსგავს განცხადებას, ვიდრე არ იქნება აუდიტის შედეგები. კლინიკებს მიზანმიმართულად ურიცხავდნენ იმ თანხებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია გაწერილი. მან დასძინა, რომ აუდიტი ერთბაშად რამდენიმე კლინიკაში ტარდება.
ვინ მიითვისა ექიმებისა და ექთნებისთვის დარიცხული პრემიები? ჯანდაცვის უწყების განმარტება
ამას წინათ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან უწყება აქტიურად აკვირდებოდა კლინიკების მუშაობას და გაირკვა, რომ ხშირად პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არ სრულდებოდა და ხელოვნურად იზრდებოდ მათი რაოდენობა.
იანვრის დასაწყისში ქვეყანაში იყო ცხრა ათასი საწოლი, 1,7 ათასი გაუქმდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. ასეთი გადაწყვეტილება აზარაშვილმა იმით ახსნა, რომ მთავრობას უწევდა ცარიელ საწოლზე თანხის გადახდა (დაახლოებით 180 ლარი დღე-ღამეში ერთ საწოლზე).
შემოწმდება ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.