„პანდემიის შემდგომი ნაბიჯები“: თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

კონფერენციის ფარგლებში პანდემიის პირობებში მსოფლიო განათლების სისტემის დანაკარგებზე იმსჯელებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
კონფერენცია, რომლის მიზანი პანდემიის შემდეგ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენა და მათი აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული გზების დასახვაა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით 3-5 მაისის პერიოდში ტარდება.
კონფერენციის ფარგლებში ღონისძიების წევრებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია გლობალური სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მიმართულებით.
„ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან და კოლეგებთან ერთად ვმსჯელობთ იმ რეკომენდაციებსა და მიდგომებზე, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს განათლების სისტემას დაეხმარება დანაკარგების აღმოფხვრაში“, – განაცხადა მახარაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ადგილობრივი ექსპერტები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და დონორი ორგანიზაციები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა პანდემიის პირობებში მსოფლიო განათლების სისტემაში შექმნილი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.