საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება: სრული ჩამონათვალი

პარკირების ზოგი წესის დარღვევაზე ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ, რომლის თანახმად საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ იგნორირებისთვის ჯარიმა თბილისში ხუთჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში მოძრაობისთვის ჯარიმა კვლავ 100 ლარი იქნება, თუმცა, სიახლის თანახმად, დაჯარიმებას არ დაექვემდებარებიან მუნიციპალური ტაქსები და ის ტრანსპორტი, რომლებსაც მერიისგან ნებართვა აქვთ მიღებული.
ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ან ველობილიკზე ავტომობილის მოძრაობისა ან გაჩერებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზრდება.
ამდენითვე იზრდება ჯარიმა ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს მგზავრების გადაყვანის ლიცენზია.
სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება კი დაექვემდებარება 100 ლარით დაჯარიმებას ამჟამინდელი 50 ლარის ნაცვლად.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტს უფლება ექნება მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს, თუ მისი მფლობელი ადგილზე არ არის, მანქანა კი დგას ადგილზე, სადაც აკრძალულია გაჩერება, აფერხებს ან შეიძლება შეაფერხოს მოძრაობა, ქმნის ან შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია ან „საცობი“.
თბილისს მეტი საავტობუსო ზოლი და ველობილიკი ესაჭიროება - ექსპერტი>>>
ამ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელმა, ჯარიმის გარდა, მუნიციპალიტეტს ავტომობილის ევაკუაციისა და საჯარიმო სადგომზე დგომის ღირებულება უნდა გადაუხადოს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას თბილისში პარკინგის ღირებულების გადაუხდელობისთვის.
ასევე ორმაგდება და 100 ლარი გახდება ჯარიმა ელექტრომობილების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის.
50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირების შემთხვევაშიც. ასევე 100 ლარი იქნება ჯარიმა მერიის მიერ გამოყოფილ სპეციალური პარკირების ადგილებზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის.
თბილისის საზღვრებში პარკირების სხვა წესების დარღვევისათვის ჯარიმა დღეს მოქმედი 10 ლარის ნაცვლად იქნება 50 ლარი.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.