ეს შეურაცხმყოფელია - ქართველი დეპუტატი უკრაინის ბრალდებებზე

დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ მაია ბითაძემ შეურაცხმყოფელი უწოდა უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების ბრალდებებს საქართველოს მისამართით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უფრო ადრე განაცხადა, რომ საქართველო „ცოტა უცნაურად“ უყურებს უკრაინის მოვლენებს. მისი თქმით, საქართველოს არ უკავია ისეთივე მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს. საქართველოს მთავრობის პოზიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიციას, მიიჩნევს პოდოლიაკი.

„არასწორია უკრაინის ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მხარდამჭერი იყოს ყველა პროცესში“, – განაცხადა ბითაძემ ტელეარხ Georgian Times-ის ეთერში.

მიმდინარე მოვლენები მან მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების გავლენას დაუკავშირა, რომლებსაც ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.
„ვფიქრობ, აქ ემოციური ფონიც არის, არის ზეგავლენა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებიც იქ აქტიურ თანამდებობებს იკავებენ“, – აღნიშნა ბითაძემ.
უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში გამოიძახეს>>
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე არის უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო ამჟამად საქართველოში პატიმარი სააკაშვილი დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ მან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. მმართველი პარტია ამას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან თავად საქართველო დაზარალდება, ხოლო ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
რატომ აკრიტიკებს უკრაინა საქართველოს მთავრობას: კობახიძემ მიზეზები განმარტა
ამასთან, საქართველო უკრაინას ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს.
დასავლეთმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს ჯარი შეიყვანა.