რაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებმა

პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს როლი რეგიონში და მისი მზარდი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. გერმანიის როლი საქართველოს მხარდაჭერაში, დიპლომატიური ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები - ეს და სხვა საკითხები საქართველოს პრეზიდენტოს, სალომე ზურაბიშვილისა და მისი გერმანელი კოლეგის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ბერლინში შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
შეხვედრა გაიმართა გერმანიაში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა.
„საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს როლი რეგიონში და მისი მზარდი მიმზიდველობა ინვესტორებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ გერმანელი ინვესტორები ახალი ენერგეტიკული მარშრუტების მოძიების დროს საქართველოს ყურადღებას მიაქცევენ.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროებში.
წყარო - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური