ჩინეთის საელჩო კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს

კონკურსის პირობების თანახმად, ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად ჩინეთის საელჩო საქართველოში კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს ატარებს.
კონკურსი სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთი–საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების, ორ ერს შორის მეგობრობისა და კავშირების გაძლიერების აღსანიშნად იმართება.

კონკურსის პირობების თანახმად, კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას.

კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.
რაც შეეხება ფერწერას, ნამუშევრები უნდა შესრულდეს ტრადიციული ჩინური მხატვრობის („გო ხუა“) სტილში, ზეთით, გუაშით, აკვარელით, აკრილით, ცვილით, ფანქრით და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი და ერთი ავტორის მიერ შესრულებული. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო კონტენტის გამოყენება, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერესდებიან და მხარს უჭერენ ჩინურ–ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები 22 მაისამდე უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: chinageorgia2022@gmail.com.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი და მედია-კომპანია For You.