ბათუმი-რიგის პირველი რეისი 7 მაისს შესრულდება

Air Baltic ბათუმიდან რიგაში კვირაში ორჯერ იფრენს.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ავიარეისი 7 მაისს შესრულდება, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
აჭარის ტურიზმის დეპარამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს.
ავიაკომპანია Air Baltic-ისა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციამ აჭარიდან რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები წარადგინა.
ავიაკომპანია Air Baltic რიგიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს სექტემბრის ბოლომდე.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით სამივე ქვეყნიდან შეძლონ ბათუმში გაფრენა.
გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა>>
ლიეტუვაში გამართულ შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიებისა და მსხვილი სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და საქართველოში ლატვიელი ტურისტების შემოყვანის საკითხებზე ისაუბრეს.
ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით გაიმართა. მას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეა მაისურაძე ესწრებოდა.