სააკაშვილი უარს ამბობს ზოგიერთ წამალზე და გასეირნებაზე - რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფება სააკაშვილი ციხეში.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას პენიტენციურ დაწესებულებაში.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა. ორშაბათს, საღამოს გადის ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„...თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება ჰქონდა როგორც რუსთავის მე-12 საპატიმროში, სადაც ამჟამად იხდის სასჯელს, ისე გლდანის მე-8 ციხეში და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. რუსთავის ციხის გარეთ მას შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მკურნალობდნენ.
მინისტრის თქმით, ცოტა ხნის წინ სააკაშვილი გამოიკვლიეს მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში და პენიტენციურმა სამსახურმა ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
პენიტენციური სამსახურის ექიმები ამბობენ, რომ ის ყველა საჭირო მედიკამენტს იღებს, მაგრამ ექს-პრეზიდენტი მათ შერჩევით სვამს, ზოგიერთ წამალზე უარს აცხადებს, განაცხადა მინისტრმა.
აჭარაში სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაანონსდა>>
„სწორედ ამიტომ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგაჟირებულ სუბიექტებს მოვუწოდეთ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება იმ ექიმების კონსილიუმის სამედიცინო დასკვნას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა მოიწვია, ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ის 28 აპრილს მიიღო და 30 აპრილს უკვე მიმართა კითხვებით სახალხო დამცველს.
ბრეგაძის განცხადებით, მათ აღნიშნეს, რომ პენიტენციურ სამსახურსა და მის სამედიცინო სამსახურს აქვთ კითხვები ამ დასკვნასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და აუცილებლობის შემთხვევაში გაესაუბრებიან საექსპერტო ჯგუფის წევრებს, რომლებსაც სახალხო დამცველი შეკრებს.
ნიკა მელია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს>>
მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური „ყოველთვის მოქმედებდა და, ბუნებრივია, ეს მომავალშიც ასე იქნება, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ მათგანს ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება ეწევა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობაც“.
ბრეგაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილი საკვების გარეშე დატოვა. მინისტრის თქმით, სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, ასევე მას შეუძლია პროდუქტების ყიდვა ციხის მაღაზიაში.
„შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის რჩება მშიერი, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მან დასძინა, რომ სააკაშვილს შეუძლია გზავნილების მიღება და ამ შესაძლებლობით ის რეგულარულად სარგებლობს.
სააკაშვილმა ამანათი მხოლოდ ერთხელ ვერ მიიღო - პენიტენციური სამსახური>>
ბრეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაპატიმრებიდან დღემდე მან დაახლოებით 800 ვიზიტორი მიიღო და ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ უწყება მის მდგომარეობას არ მალავს.
გარდა ამისა, ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლება, მაგრამ ის ამაზე უარს აცხადებს.