თბილისი, 2 მაისი — Sputnik. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ის თვითმფრინავმა ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
Condor Airlines-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. პირველი რეისით თბილისში 140-მდე მგზავრი ჩამოფრინდა.
ფრანკფურტი გერმანიის რიგით მესამე ქალაქი გახდა, სადაც თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდა შესაძლებელი.
„ეს რეისები მნიშვნელოვანია როგორც პირდაპირი მიმართულების კუთხით, ანუ ფრანკფურტსა და თბილისს შორის არსებული საკმაოდ დიდი სამგზავრო ნაკადების არსებობით, ასევე ტრანსატლანტიკური მნიშვნელობითაც, რადგანაც Condor Airlines საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აშშ-ში ამ ავიაკომპანიის საშუალებითაც გაფრინდნენ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია Boeing-ისა და Airbus-ის მარკის 50 თვითმფრინავს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ავიამიმოსვლა საქართველოში 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.