თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა კომპანია IDS Borjomi-სთან დაკავშირებით მოსახლეობას სასიამოვნო სიახლეს გააცნობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
29 აპრილს კომპანია IDS Borjomi-მ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს.
„მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესები.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმს „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ მარტის პირველ რიცხვებში ესტონეთში „ბორჯომი“ რუსული წარმოების წყლად აღიარეს და დახლებიდან მოხსნეს.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.