მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

კითხვარის მეორე ნაწილი დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა.
დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2.300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველოს მთავრობამ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა.
კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიაწოდოს.
კითხვარის მეორე ნაწილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://www.gov.ge/files/573_81827_881717_QuestionnairepartIIGeorgia.pdf