თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხოს ინტერპელაციის ფარგლებში, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევა სურს, რათა მან უპასუხოს კითხვებს კვირის დასაწყისში გავრცელებული აუდიოჩანაწერების თაობაზე.
„პრემიერს არანაირი პრობლემა არ აქვს უპასუხოს ინტერპელაციით დასმულ კითხვებს, მან განაცხადა, რომ მობრძანდება პარლამენტში კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილ შესაბამის ვადებში და უპასუხებს არა მხოლოდ ოპოზიციის შეკითხვებს, არამედ ჩვენს მოსახლეობას“, – განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ არაა პრობლემა, რომ უპასუხონ კითხვებს და საკითხს საბოლოო წერტილი დაუსვან.
სკანდალური აუდიოჩანაწერები
ორშაბათს ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს აუდიოჩანაწერები, რომელიც, სავარაუდოდ, შედგა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე დასავლეთის სანქციების სიაშია შეყვანილი.
10 მარტით დათარიღებულ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს „ხორბალთან დაკავშირებულ იდეას“ სთავაზობს. საუბარში ნახსენებია ვინმე დავითის და ალი უზდენოვის - კომპანია Система-ს ვიცე-პრეზიდენტის სახელები, რომლებიც საკითხის დეტალების გასაცნობად თითქოსდა უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში.
„თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, მაშინ მე ამ საქმეზე წავალ“, – საუბრობს ადამიანი ევტუშენკოვის ხმით, რის შემდეგაც თანხმობას იღებს შეხვედრასა და საკითხის განხილვაზე.
მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტითაა დათარიღებული, ადამიანი ივანიშვილის ხმით პასუხობს, რომ მან ბიზნესმენები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გაგზავნა.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც ნახსენებია ჩანაწერში, დაადასტურეს, რომ უზდენოვი იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა შეხვედრას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.