საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: მატარებლის ბილეთები რამდენიმე დღე უფასო იქნება

სადგურ „კოპიტნარში“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება, ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, „საქართველოს რკინიგზისგან“ მატარებლების ბილეთებს შვიდი დღის განმავლობაში უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრმა ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთი რკინიგზის სალაროში უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით უფასოდ იმგზავრებს.
უფასოდ მგზავრობა 30 აპრილიდან შვიდი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი კოპიტნარი გახდება>>
სამგზავრო მატარებლების მარშრუტს კოპიტნარში ახალი გაჩერება 30 აპრილიდან დაემატება. მატარებელი მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტთან სადგურ „კოპიტნარის“ მეშვეობით დააკავშირებს. აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის (https://ticket.railway.ge/), სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.