მსოფლიო დღეს

ჩინეთში ფრინველის H3N8 გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

პირველი სიმპტომების გაჩენამდე ავადმყოფს შინაურ ფრინველთან ჰქონდა კონტაქტი, სახლთან გარეული იხვებიც შენიშნეს.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ჩინელმა ექიმებმა ჰენანის პროვინციაში დაარეგისტრირეს ადამიანის H3N8 ფრინველის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა, იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივი სახელმწიფო კომიტეტი.
პაციენტი ოთხი წლის ბიჭია ქალაქ ჩჟუმადანის რაიონიდან. ცნობილია, რომ სიმპტომების დაწყებამდე ბავშვს შინაურ ფრინველთან ჰქონდა შეხება. სახლთან გარეული იხვებიც ნახეს.
პირველი სიმპტომები, მათ შორის ცხელება, ბიჭს 5 აპრილს გამოუვლინდა, ხუთი დღის შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში მოათავსეს. 24 აპრილს ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვს ჰქონდა H3N8 ინფექცია.

„ექსპერტების წინასწარი შეფასებით, H3N8 გრიპის ვირუსი ფრინველის წარმოშობისაა და ის მანამდე ვერ ახერხებდა ადამიანების ეფექტურად დაინფიცირებას. H3N8 ვირუსი აღმოჩენილია ცხენებში, ძაღლებში, ფრინველებში და სელაპებში მთელ მსოფლიოში, მაგრამ ადამიანში H3N8-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა არის სახეობათაშორისი შემთხვევითი გადაცემა ფრინველიდან ადამიანზე, ხოლო ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხე დაბალია.