თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სახელმწიფოს მეთაურს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 ციხესთან ბრიფინგზე განაცხადა.
გასულ კვირაში, სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
„ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა თქვენთან შესაძლებლობა ერთხელ შეხვედრის... თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით, თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან აქტიური ნაბიჯები საქართველოს მთავრობასთან და ქვეყნის პრეზიდენტთან ამ საკითხის განსახილველად.
ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა ასევე სააკაშვილის დედა – გიული ალასანია. მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილის დაუყოვნებლივ გაყვანა ქვეყნიდან და უცხოეთში სამედიცინო კლინიკაში მოთავსება, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა.
„ვითხოვ, როგორც ყოველთვის, არაერთხელ, მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში. იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია“, – განაცხადა ალასანიამ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.