თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს ხმების 55–დან 58 პროცენტამდე. ასეთია წინასწარი მონაცემები, რომელიც ბელგიურმა ტელეარხმა LN24 გამოაცხადა.
ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ხმების 42–დან 45 პროცენტამდე იღებს.
ტელეარხის ცნობით, მან გამოკითხვის მონაცემები საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ოთხი ავტორიტეტული ცენტრისგან მიიღო. მონაცემები 17:00 საათამდე (თბილისის დროით 19:00 სთ) საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულთა გამოკითხვას ასახავს.
საფრანგეთის შსს–ს მონაცემებით, მეორე ტურში ადგილობრივი დროით 17 საათისთვის ამომრჩეველთა 63,23% გამოცხადდა.
საფრანგეთში რამე სახის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მეზობელი ბელგიის მასმედიაზე, სადაც საფრანგეთის არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან.
საარჩევნო უბნები საფრანგეთში კვირას ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ამის შემდეგ დაიწყება.